საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, ისინი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან 8 მარტს დადებული შეთანხმება, მათი აზრით, ბოლომდე არ შესრულებულა.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები კი ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები შეგროვდება. ოპოზიციის მხრიდან ამ თემის სასწორზე შეგდება უპასუხისმგებლობაა, – ასე ეხმიანება პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის გადაწყვეტილებას.
საკონსტიტუციო პროექტის განხილვას საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან დაუთმობს ეთერს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩაერთოს განხილვაში საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს პარლამენტის ონლაინ-პლატფორმების მეშვეობით.