“დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების შემთხვევა არის – 13”, – ამის შესახებ დავით სერგეენკომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის, ინფორმაციით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების რაოდენობა 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულთა რაოდენობა 44-მდე პაციენტი. მისივე განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლები იმაზე მეტყველებს, რომ დაავადება სერიოზულია.
„დღევანდელი მდგომარეობით დინამიკა ასეთია – დაავადების რაოდენობები მცირდება, რაც ცალსახად პოზიტიურია, თუმცა, ისეთ შემთხვევებში, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან გაიზარდა 845-მდე და თუ გუშინ 39 პაციენტი იყო რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მაჩვენებლებით ეს რიცხვი 44-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგანი დიდი ტრაგედიაა და მე არასწორად მიმაჩნია, რომ თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ზოგადად, ეს არის, ერთის მხრივ, თანმდევი დაავადებები და მეორეს მხრივ, ის გარდაუვალი გართულებების პროცენტი, რაც არის 0,3%, რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების სტატისტიკაში, ხოლო ბოლო არის გვიანი მიმართვა ექიმისადმი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.