დღეს საქართველო ქართული სიმღერის კიდევ ერთ უბადლო შემსრულებელს, ანსამბლ ,,გურიას“ ლოტბარს, ღირსების მედალოსან ჯემალ ნაკაშიძეს გამოემშვიდობა.
ბატონი ჯემალი წლების განმავლობაში მღეროდა რესპუბლიკისა და არამარტო რესპუბლიკის სცენაზე ისეთ ბუმბერაზ მომღერლებთან ერთად, როგორებიც გახლდათ: ჰამლეტ გონაშვილი, რამინ მიქაბერიძე, ჯემალ ჭკუასელი, ილია ზაქაიძე, აკაკი ლანდია და სხვები.
დასანანია, რომ ნაადრევად წავიდა ჩვენგან კაცი, რომელიც ნამდვილად დააკლდება ოჯახს, ჩოხატაურს, გურიას, საქართველოს.
ბატონი ჯემალის მისამართით სამძიმრის წერილები არ წყდება. გულისტკივილს გამოხატავენ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები და არამარტო ისინი.
„ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს ჩემს სულიერ მდგომარეობას. დამამუნჯე და გული წამართვი, ჩემო ძმაო ჯემალ! შენ გამილამაზე სიცოცხლე, ახლა სიკვდილს მიადვილებ.
ვუსამძიმრებ ჩემს ნანის და ლევანს. ბოლო გზაზეც კი ვერ გაცილებ. ამაზე მწარე რა უნდა იყოს. შენი რამინ მიქაბერიძე“.
„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც დიდი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან. ჯემალ ნაკაშიძე, ბრწყინვალე ქართველი, გურული სიმღერის უბადლო მცოდნე და შემსრულებელი. ჩოხატაურელების ნამღერი გურული სიმღერა უნიკალურია. მარტო ბერძენიშვილები რომ გავიხსენოთ, მხოლოდ ეს იქნება საკმარისი უნიკალურობის დასადასტურებლად. ჯემალი ბიძია (რომ მირეკავდა სულ ასე მეუბნებოდა-ჯემალი ბიძია ვარ ჩემო გიორგი) ამ დიდი ხალხის გზის გამგრძელებელი იყო და აი ისიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ძალიან დამწყდა გული. თან ვერ ჩავდივარ ამ სიტუაციის გამო. ვუსამძიმრებ ყველას, ჩოხატაურს, გურიას, მის მეგობრებს და ანსამბლის წევრებს. მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო ჯემალი ბიძია“, _ წერს მომღერალი გიორგი უშიკიშვილი.
„კიდევ ერთი ძველი თაობის, გურული სიმღერის, განსაკუთრებით კი ბანის გამორჩეული მომღერალი გამოაკლდა ჩვენ ქვეყანას. დიდი ისტორიით, სხვადასხვა ანსამბლებში მოღვაწეობით, უნიკალური ჩანაწერებით და რთულად შესაქმნელი ისტორიით დაგვტოვა ბატონმა ჯემალ ნაკაშიძემ!
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი და გაანათლოს მისი სული!“ _ წერს ანსამბლი „შავნაბადა“ სოციალურ ქსელში.