“ძალიან ხშირად გვხვდება ქუჩაში ძაღლები, რომლებსაც არ ჰყავთ პატრონი. არის შემთხვევები, როცა ცხოველები ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, დასაკბენად მისდევენ. ეს საკითხი, ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა მოგვარდეს? უამრავი დაავადება შეიძლება გადაგვედოს უპატრონოდ მყოფი ძაღლებისგან”, _აღნიშნული განცხადებით “გურია ნიუსისთვის“ არაერთხელ მოუმართავს მოქალაქეებს. მსგავსი ფაქტის გამო, გაერთიანებული წყალმომარაგების ოზურგეთის სერვისცენტრის თანამშრომელმა ეკატერინე დარჩიამ “გურია ნიუსს“ დახმარება სთხოვა:
_ ოზურგეთში, კერძოდ, კოსტავას ქუჩაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თავს დამესხა რვა, ე.წ. ,, ქუჩის ძაღლი”. მოგერიება გადავწყვიტე, რადგან აგრესიულები იყვნენ ჩემ მიმართ, რა დროსაც დამიცურდა ფეხი და დავეცი. არსებობდა საშიშროება, რომ სახეზე მიკბენდნენ. ამ დროსაც გზად მიმავალმა მანქანამ გააჩერა. სრულიად უცნობმა ბიჭებმა გამოიჩინეს სოლიდარობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადამარჩიენს. იქვე მცხოვრები მოსახლეობაც დამეხმარა, რომ თავი დამეღწია ძაღლებისაგან. რომ არა ისინი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიქნებოდი ახლა. გარკვეული დროის შემდეგ, რადგან უნდა გამეგრძელებინა გზა და მუშაობაც, შიშმა შემიპყრო და დავუკავშირდი 112-ს, რომელსაც ავუხსენი სიტუაცია. მათ მომცეს ოზურგეთში არსებული უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარის ხელმძღვანელის, ვინმე მაღლაფერიძის ტელეფონის ნომერი, რომელსაც დავუკავშირდი და პასუხით გაოგნებული დავრჩი, ვციტირებ: ,,დღეს გადაიტანეთ როგორმე და ხვალ რამეს მოვახერხებ, დღეს არც მუშა მყავს და არც სამუშაო დღეა”.
ეს პრობლემა მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა არ არის ქალაქში. აგრესიული, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების განსაკუთრებული სიმრავლეა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანებს. რაც შეეხება ბატონი მაღლაფერიძის პასუხს, ეს არ არის ხელმძღვანელის პასუხი დაზარალებული მოქალაქისთვის. გასაგებია, არასამუშაო დღე იყო, თუმცა, პრობლემა მხოლოდ დღეს არ დაწყებულა. მესმის, მუშების მობილიზება პრობლემაა, მაგრამ არსებობს ეთიკა, როგორ მივმართოთ დაზარალებულს. ქალაქში მოძრაობა უსაფრთხო არ არის, _ ამბობს ეკატერინე დარჩია.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის განყოფილების უფროსს და ინდმეწარმე გოგი მაღლაფერიძეს, რომელმაც არ უარყო აღნიშნული ინფორმაცია:
_ კოსტავას ქუჩის ამბებს მეუბნებით? კი, ბატონო, მასე იყო ნამდვილად, კი ჩემი სიტყვებია, ახლაც იქ ვარ და ვიჭერ ძაღლებს, _ გვითხრა მაღლაფერიძემ.