ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება – რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
დღეს, 20:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და შემდგომი დღეების სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ.
აქციას უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ადამიანები, ვისთვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.
“დღეს იწერება საქართველოს ისტორია და არა მხოლოდ საქართველოს ისტორია, არამედ მსოფლიოს ისტორია და აუცილებლად, ეს პერიოდი იქნება შეფასებული და შემდეგ განხილული ჩვენი შთამომავლობის მიერ და ძალიან მნიშვნელოვანია, მერე ყველას დაწყდება გული, რომ არ იდგა რუსთაველზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, მაშინ როცა ასეთი რეალური იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნის უკან სვლისა და დაზიანებისთვის”, – თქვა “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმღვანელმა ედუარდ მარიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სამოქალაქო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.