დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის წმინდა დღესასწაულს ზეიმობს.
სადღესასწაულო ლიტურღია საქართველოში მოქმედ ეკლესია-მონასტრების უმეტესობაში წუხელ 23 საათზე დაიწყო. მრევლი ტაძარში 9 საათამდე შეიკრიბა, რომ კომენდანტის საათით დაწესებული შეზღუდვები არ დაერღვია და 6 საათამდე დარჩა. მორწმუნეები ტაძრებში იცავდნენ ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს _ ისინი ერთმანეთთან სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ და პირბადეები ეკეთათ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.