თოვლის დნობის და წვიმების შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ხარაგაულის სოფლებში.
მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ, გადაადგილების პრობლემა შექმნა რამდენიმე სოფლის საუბნო გზებზე.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მოადგილეებთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად დღეს მთელი დღის განმავლობაში ეცნობოდა შექმნილ მდგომარეობას.
,,ხარაგაულის მერია მუშაობს და აღრიცხავს ზიანს. მეწყრული უბნების რეაბილიტაციის მიზნით, ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ვფიქრობ, რამდენიმე ლოკაციაზე დაიგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ასევე მოხდება გზის კონკრეტული მონაკვეთების რეაბილიტაცია,”– განაცხადა მედიასთან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა.
ამ დროისთვის ხარაგაულის სოფლის ცენტრალურ გზებზე გადაადგილება შეზღუდული არაა, თუმცა ამ დრომდე რჩება შიდა საუბნო გზების რამდენიმე მონაკვეთი, სადაც, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, გაწმენდითი სამუშაოები გამოდარებისთანავე განახლდება.
მეწყრული პროცესები განვითარდა ძირულა-ხარაგაულის დამაკავშირებელ მონაკვეთზე. აღნიშნული გზის მოვლა-პატრონობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტრაქტორი კომპანია ,,ბლექ-სი-გრუპი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე, მეწყერის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვებია ცალმხრივი მოძრაობა.
ავტორი