დღეს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, აფხაზეთის ომის პირველი მსხვერპლის, პოლიციის მაიორ პაატა ნათენაძის დაბადების დღეა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა, დავით ფეიქრიშვილმა და ადგილობრივმა ვეტერანებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
პაატა ნათენაძე ქ.თბილისის პოლიციის სამმართველოს სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. იგი, აფხაზეთში, თავის დაქვემდებარებაში მყოფ 60 მებრძოლთან ერთად, 13 აგვისტოს წავიდა. მათი მთავარი მიზანი, სტრატეგიული ობიექტებისა და რკინიგზის დაცვა იყო. ოჩამჩირესთან მყოფს უთხრეს, რომ შინაგანი ჯარის რიგითს, ომარ ფურცელაძეს სნაიპერის ტყვია მოხვდა. პაატა ნათენაძე და რამდენიმე სამართალდამცველი შემთხვევის ადგილისკენ, დაჭრილის დასახმარებლად დაიძრა. სწორედ ამ დროს, სოფელ არადუში, 1992 წლის 14 აგვისტოს, გამთენიას, პაატა ნათენაძე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
აფხაზეთის ომის პირველ მსხვერპლს დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა.
პაატა ნათენაძე პოლიციის პოლკოვნიკის წოდებაზე იყო წარდგენილი, რომელიც სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. დაჯილდოვებულია მედლით ”მხედრული მამაცობისათვის”.
1992 წელსვე, ახალციხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქში პაატა ნათენაძის სახელობის ქუჩა ყოფილიყო და 28 წელია, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა აფხაზეთის გმირის სახელს ატარებს.
დიდება გმირებს!
(R)