დღეს, 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “სამოქალაქო თავდადებისთვის” დათა ვანიშვილის დააჯილდოებს. ღონისძიება ორბელიანების სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება.
“ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს მოწვეულ სტუმრებს და დათა ვანიშვილს (სიკვდილის შემდეგ) მედლით “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოებს. სახელმწიფო ჯილდო დათა ვანიშვილის ოჯახს გადაეცემა”, – წერია პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.
დათა პაპა იყო ხურვალეთის ის მცხოვრები, რომელსაც ომის შემდეგ სახლი არ დაუტოვებია. ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო არაერთხელ დააკავეს.