საპარლამენტო ოპოზიცია დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რათა პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.
დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხვალისთვის, 11 აპრილისთვის ითხოვენ, რომლის ერთადერთი განსახილველი საკითხიც მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება.
“დღეს რადგან ჩვენ აქ ვდგავართ და რიგგარეშე სხდომას ვიწვევთ იმისათვის, რომ საზოგადოების წინაშე გავაშიშვლოთ ის მანკიერი მდგომარეობა რაც არის სასამართლო სისტემაში, ის გუნდური მუშაობა დემოკრატიის წინააღმდეგ, რასაც ეწევიან მოსამართლეები და სანქციების შემდეგ აგრძელებენ კიდევაც, გვინდა, რომ ოფიციალურად, ხელმოწერებით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს.
დღეს მას გაეგზავნება წერილი, იმისათვის რომ ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა ერთადერთი საკითხით, კენჭისყრაზე დადგეს საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის საკითხი და მისი შემადგენლობის საკითხი,” – თქვა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა.