“მე 9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია” _ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
უწმინდესმა, ამ თემაზე, 28 წლის განმავლობაში პირველად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომიტინგეებს მან ქაშუეთის ეკლესიაში შესვლისკენ მოუწოდა:
”დღეს არის 9 აპრილი, მწუხარების დღე. ამავე დროს სიხარულის დღეც არის. ჩვენმა ახალგაზრდებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. დღეს რადიოთი მოვისმინე, რომ საქართველოს პატრიარქმა დაშლისკენ მოუწოდაო.
მე დაშლისკენ არ მომიწოდებია. მე ვხედავდი ამ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესულიყვნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, ვინც ამ მოვლენას შეეწირნენ”, _ ბრძანა ილია მეორემ.