14 ნოემბერს დიაბეტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
დიაბეტი შეიძლება ადამიანს სიცოცხლის ნებისმიერ მონაკვეთში დაემართოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დიაბეტით მსოფლიოში 400 მილიონი ადამიანია დაავადებული.
მათივე ცნობით, დიაბეტი ხდება ნაადრევი სიკვდილის, სიბრმავის, გულის შეტევების, თირკმლის უკმარისობის, ინსულტის და ქვედა კიდურების ამპუტაციის მიზეზი.
რამდენ ადამიანს აქვს დიაბეტი და რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება _ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დიაბეტის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელს, ნიკა ასვანუას ესაუბრა.
მისი თქმით, დიაბეტი საქართველოში, დაახლოებით, 100 000 ადამიანს აქვს, რომელთაგან 1 000 არასრულწლოვანია.
„საქართველოში დიაბეტი 100 000 ადამიანს აქვს, რომელთაგან 1 000-მდე ბავშვი, 18 წლამდე მოზარდია, ვისაც დაავადების ტიპის 1 ფორმა აქვს, რაც შეეხება ტიპი 2-ს განსაზღვრა რთულია, რადგან ზოგი არ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და ინდივიდუალურად ეწევა თვითკონტროლს. ჰგონიათ, რომ სოფლის წამლებით არის მისი მკურნალობა მარტივი, ამიტომ ზუსტი ერთიანი სტატისტიკა არ არსებობს“,_ამბობს ასვანუა.
როგორც „დიაბეტის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, წონაში კლება, სითხის მიღების გაზრდილი მოთხოვნა და ხშირი შარდვა_ ეს ის ყურადსაღები სიმპტომებია, რაც დიაბეტს ახასიათებს.
„ყველაზე ყურადსაღები არის წონაში უეცარი კლება კვების რაციონის შეუცვლელად, დიდი რაოდენობით წყლის მიღების მოთხოვნილება და ხშირი შარდვა. გარდა ამისა, არსებობს სხვა სიმპტომებიც, მხედველობის გაორება, ცუდი მხედველობა, თავის ტკივილი, თუმცა, ჩამოთვლილთაგან პირველი სამი სიმპტომი ძირითადია. რაც შეეხება ტიპ 1 და ტიპ 2 ფორმას, დიაბეტის სახეობის განსაზღვრა სპეციალური ანალიზით ხდება“,_ამბობს ასვანუა.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, პრაქტიკულად, ორი სხვადასხვა დაავადებაა და ექიმისა და ავადმყოფისგანაც სხვადასხვანაირ მიდგომას მოითხოვს. დაავადების გაკონტროლების სხვადასხვა მეთოდი არსებობს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს ,,დიაბეტის მართვის“ პროგრამა. აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ: შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს.