დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე სოციალურ ქსელში “სა-9 აპრილოდ” პოსტს აქვეყნებს.
დეკანოზი მადლობას უხდის გმირებს.
“სა-9 აპრილოდ:
მე საბჭოთა ბავშვი ვარ და ასე მასწავლიდნენ:
ჩემი სამშობლოა _ ჩოხატაურში ბენდელიანის ქუჩა, თბილისში _ ჩოხატაური. მოსკოვში + საქართველო და საზღვარს გარეთ თუ შიგნით _ საბჭოთა კავშირი.
ასე გვასწავლიდნენ და ვსწავლობთით. 1988 წლის ნოემბრის აქციებზე გავიგეთ ახალი სიტყვები.
ანექსია.
ოკუპაცია.
სუვერენიტეტი.
უმთავრესი კი იყო სიტყვა თავისუფლება.
გავიგეთ ახალი გვარ-სახელები:
ზვიად გამსახურდია.
მერაბ კოსტავა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი.
…. და ბევრი სხვა.
გავიგეთ ახალი ამბები ისტორიაში და დაიწყო ფიქრიც, რომ ყოფილა ერთხელ საქართველოს რესპუბლიკა და ჰქონია საკუთარი ჰიმნი, გერბი და დროშა და რომ არც ისე ,,შიროკი ყოფილა მაია სტრანა რადნაია”
9 აპრილს კი ყველაფერი გადაფასდა და დალაგდა. 9 აპრილს 2×2 გახდა 4.
9 აპრილს ჩემმა თაობამ და არა მარტო, აღმოვაჩინეთ ჩვენი სამშობლო და მას საბჭოთა კავშირი კი არა საქართველო რქმევია.
ჩემი სამშობლო საქართველოა.
დიდება გმირებს, ვინც ჯოხით დახვდა რუსის ტანკს და გვაპოვნინა სამშობლო.
დიდება გმირებს, ვინაც სიმღერით შეხვდა სიკვდილს და ჩვენ გვაპოვნინა სამშობლო.
დიდება გმირებს, ვინაც გვიცოცხლა თავისუფლების იდეა და არ დაგვიკარგა სამშობლო.
დიდება გმირებს, ვისაც არ უთქვამს მტერი ძლიერია და ბაბა დავუძახოთო და გადაგვირჩინეს სამშობლო.
საუკუნოდ იყოს სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნა, _ წერს კონსტანტინე პაიჭაძე.