ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულ პაციენტებში პრეპარატ დექსამეტაზონის გამოყენების პირველადი კლინიკური ცდების შედეგებს მიესალმება და აცხადებს, რომ ეს „დიდებული სიახლეა“.
„ეს მკურნალობის პირველი მეთოდია, რომელმაც „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულ იმ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადს ან ხელოვნურ სუნთქვას საჭიროებენ, სიკვდილიანობის დონის მნიშვნელოვანი შემცირება აჩვენა. ეს დიდებული სიახლეა, ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს,“- განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ცნობისათვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებულ კვლევას -RECOVERY – ატარებენ, განაცხადეს, რომ პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადით მკურნალობას ან სასუნთქ აპარატზე მიერთებას საჭიროებენ, სიკვდილიანობას დაახლოებით ერთი მესამედით ამცირებს.