უმუშევარმა ბრიტანელმა სტაფორდშირის საგრაფოს ცარიელ მინდორზე ლითონის მაძიებლით დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ანგლოსაქსური ეპოქის ყველაზე დიდი ოქროს კოლექცია იპოვა.
უნიკალურ კოლექციაში დაახლოებით, ათას ხუთასი ოქროს ნაკეთობაა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნეს მიეკუთვნება. ნაპოვნ საგნებს შორის არის სამხედრო იარაღთა ნაწილები, ჭურჭელი, სამკაულები, საყოფაცხოვრებო ნივთები. საერთო ჯამში, კოლექციაშია 5 კილოგრამი ოქროს ნაკეთობა, ორ-ნახევარი კილოგრამი – ვერცხლის, ასევე, ძვირფასი ქვები. სავარაუდოდ, ნივთები ცნობილი საქსონების საკუთრება იყო. სპეციალისტები კოლექციის ფასის დადგენას, ალბათ, ერთ წელს მოანდომებენ.
ბედნიერმა ტერი ჰერბერტმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ თავისი სიცოცხლის 55 წლიდან 18 წელი ლითონის ძებნას შეალია.
საგრაფოს ხელისუფლებამ კოლექცია ნაციონალური განძის სტატუსით ბრიტანული გვირგვინის საკუთრებად გამოაცხადა.
აქამდე ყველაზე დიდი რაოდენობით ანგლოსაქსური განძი 70 წლის წინათ აღმოსავლეთ ინგლისში, საფოლკის საგრაფოში, სატონ-ჰუში აღმოაჩინეს. მაშინდელ კოლექციაში მხოლოდ ერთ-ნახევარი კილოგრამი ოქროს ნაკეთობა იყო. ვარაუდობენ, რომ საფოლკის განძში აღმოჩენილი 824 ოქროს მონეტა იცენების (კელტების) დედოფალს ეკუთვნოდა და მიწაში 2 ათასი წლის წინათ დაუმარხავთ.
ახლადაღმოჩენილი განძის ზუსტ ადგილს კი არ ამხელენ, რათა თავიდან აიცილონ მოყვარულ-არქეოლოგთა შემოსევა.
ავტორი