ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ,,გურია ნიუსთან“ ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც არეშიძე გვეუბნება, დიდი შანსია იმისა, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი იყოს. ხოლო, რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტებას, არეშიძეს თქმით, აღნიშნული თანამდებობა ივანიშვილის ინტერესის საგანი არ არის.
,,მაია ცქიტიშვილს ვიცნობ შვიდი წელია და მხოლოდ დადებითად შემიძლია დავახასიათო. ამასთან, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ,,ქართული ოცნების“ გუნდში ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ თანამდებობაზე ქალი კანდიდატი დასახელდეს, თუმცა არამგონია, რომ სტაბილური გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული იყოს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტებას, ივანიშვილს საჯარო პოლიტიკა არ უყვარს, აქედან გამომდინარე, ძალიან ცოტა შანსია, რომ პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პრეზიდენტობაზე დათანხმდეს. ბუნებრივია, გუნდში აქვთ სურვილი, რომ პრეზიდენტი გახდეს, მაგრამ როგორც ვიცი, მან ,,ქართული ოცნების“ წევრებს აუხსნა, რომ ეს არ არის მისი სურვილი. თუ მკითხავთ რომელს უფრო მეტი შანსი აქვს გეტყვით ცქიტიშვილს, მაგრამ მაინც მგონია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის“,_ გვითხრა არეშიძემ.
ცნობისთვის, როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა მთავრობის დამტკიცების შემდეგ დაიწყება. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ,,ქართული ოცნებისთის“ ყველაზე მისაღები საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მაია ცქიტიშვილია.