გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. „ბარნლის“ შემდეგ საფეხბურთო სატრანსფერო სცენაზე კიდევ ერთი პრემიერლიგური კლუბი, „შეფილდ იუნაიტედი“ გამოვიდა.
„ცნობილია, რომ გიორგი მიქაუტაძის აყვანა „ლიონს“ სურს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ „მეცის“ შემტევისათვის ბრძოლაში მხოლოდ მდიდარი კლუბები თუ ჩაერთვებიან, რადგან ფრანგული კლუბი მის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას, 20 მილიონ ევროს ითხოვს.
„მეცი“ უარზეა ამაზე ნაკლებ ფასად გაასხვისოს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი. „შეფილდ იუნაიტედმა“ მიქაუტაძის კლუბს საუკეთესო წინადადება შესთავაზა – 18 მილიონ ევროს პლუს საბონუსე თანხები, რაც ძალიან კარგი შეთავაზება უნდა იყოს“, – დაწერა გამოცემამ „le10sport.com“.
„შეფილდ იუნაიტედმა“ ბოლო სეზონში მოიპოვა პრემიერლიგის საგზური, დაიკავა რა მეორე ადგილი ჩემპიონშიფში. გუნდს ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, პოლ ჰიგინბოთომი ხელმძღვანელობს.
გავიდა რამდენიმე საათი და გიორგი მიქაუტაძის მსურველთა რიგებს, მარსელის „ოლიმპიკიც“ შეუერთდა. გამოცემა „le10spor“-ის მტკიცებით, მარსელური გუნდი 22 წლის ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებულია, თუმცა, ჯერჯერობით, ფინანსურ დეტალებზე ცნობილი არაფერია. „მარსელის“ პრეზიდენტი პაბლო ლონგორია გიორგის თამაშით გასულ სეზონში მოიხიბლა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს თავისი აზრი გააცნო კიდეც. პრობლემა ისაა, რომ „ოლიმპიკმა“ მიქაუტაძის შეძენამდე სხვა ფეხბურთელები უნდა გაყიდოს, რათა ტრანსფერისთვის საჭირო ბიუჯეტი გამონახოს.
გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში 23 გოლით ფრანგული „ლიგა 2“-ის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა, ასევე დასახელდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. ის ამჟამად ახალი სეზონისთვის „მეცთან“ ერთად ემზადება, რომლის რიგებში ორ საკონტროლო მატჩში 2 გოლი გაიტანა. „მეცი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 13 აგვისტოს სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ კი დიმაროში მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა, რომელშიც პირველად ითამაშა 22 წლის ქართველმა. რუდი გარსიამ პირველ ტაიმში ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა, ხოლო ხვიჩა, ვიქტორ ოსიმენი, პიოტრ ჟიელინსკი, ანდრე ზამბო ანგისა და სხვები შესვენების შემდეგ ჩართო თამაშში. ხვიჩამ მოედანზე სრული 45 წუთი გაატარა. კვარაცხელიას საუკეთესო მომენტი 54-ე წუთზე შეექმნა, როცა მისი დარტყმული სპალის კარის ხარიხას მოხვდა. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.
ამ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელიც დაესწრო. იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ, ჯუღელის იტალიაში სტუმრობის თემა ფართოდ გააშუქა:
„დიმაროში „ნაპოლი“ – „სპალის“ მატჩის საყურებლად მამუკა ჯუღელიც იყო, კვარაცხელიას აგენტი. ორი საკითხი განიხილეს. კვერნაძის არჩევანი „ფროზინონეში“ გადასვლის შესახებ არ მოეწონა „ნაპოლის“ მფლობელ აურელიო დე ლაურენტისს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს აკვირდებოდა. ნეაპოლური გუნდის მეპატრონემ აგენტს სთხოვა ეცნობებინა სხვა ქართველი ტალანტების შესახებ, რომლებიც არა ახლა, არამედ მომავალში „ნაპოლისთვის“ გამოადგებათ. მეორე თემა, ბუნებრივია ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლება იყო, რაც, როგორც ჩანს, დასრულებული საკითხია. ის კონტრაქტს გაორმაგებული ხელფასით 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, რადგან ვიცით, რომ ფაქტობრივად არ შეიძლება კონტრაქტების ვადა 5 წელს გასცდეს“, – განაცხადა ჯოვანი სკოტომ.
ავტორი