დღეს, დილაადრიან, ხორც-პროდუქტების, რძის ნაწარმის და ბოსტნეულის ფასების კიდევ უფრო მატების ტემპი იგრძნობა ოზურგეთის ბაზარში.
შესაბამისად, ერთი კილოგრამი ყველი 13 ლარი ღირს, კარტოფილი -1,50 ლარი, კაკალი ლობიო _ 8 ლარი! ყველანარი ხილის ფასი 2 ლარიდან იწყება და 5 ლარამდე აღწევს. ხოლო ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი 17 ლარი ღირს.
ხორცის _ საქონლის, ღორის და ფარშის ფასები დელიკატურად ჩამოწერილი და გამოკრული აქვთ მაცივრებში. თუმცა, სწორედ ამ ფასების შეცვლის გამო, დაიწყო დილაადრიან ხმამაღალი დავა და ჩხუბი.
ხორცის შემომტანი ითხოვდა, კიდევ ერთი ლარით აეწიათ ფასი და დღეიდან ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი 18 ლარად გაეყიდათ.
_არაფრით არ მოვუმატებ, ნუ მაყვირებ, იმყოფინე, რაც დაგრჩება, 17 ლარად გავყიდი ისევ, – ბრაზობდა გამყიდველი.
-რა დამრჩება? ჰა-ჰა, 5-6 ლარი. ეს ფულია? – არ ცხრებოდა დისტრიბუტორი.
_სხვას ისიც არ აქვს. იმყოფინე! ნუ მაყვირებ ამ დილით..არ ავწევ ფასს, შენ აგიწიოს წნევამ _ გაბრაზებას, ოდნავ გაღიმებული სახით, წყევლა მოაყოლა გამყიდველმა.
ბაზარში ხშირად ისმოდა გამვლელ-გამომვლელთა წუწუნი, ფასების ზრდის გამო, რასაც ერთმანეთში უკმაყოფილებით და ნიშნისგებითაც გამოხატავდნენ.
„გეიქეცით არჩევნებზე, გეიყიდეთ ხუთ თუმნად… აწი ვარესი იქნება. გეკუთვნით“…
„რა მეკუთვნის? ასე არ იყო სულ?“
„არ იყო სულ მასე და ნუ იტყუები“ _ შემდეგ კი ასეთი ასეთი დამძიმებული დიალოგით და არც ისე დამძიმებული ჩანთებით ტოვებდნენ ბაზრის ტერიტორიას.