სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გავრცელებულმა ფაილებმა, მისმა მოცულობამ შოკში ჩააგდო და ჩანაწერები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია.
“გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო. ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციის შესახებ ამდენი ინფორმაცია გროვდებოდეს უწყებაში. კითხვები ნამდვილად არ მაქვს, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია ნამდვილად”, — ამბობს ლომჯარია პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ ქვეყანაში არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი რეალურად არ მუშაობს, პირველ რიგში, პარლამენტი.
“ეს ხდება იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ინსტიტუტები. სუს ამას აკეთებს იმის გამო, რომ ჩვენთან არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი რეალურად არ მუშაობს, პირველი რიგში, პარლამენტი. ნებისმიერ ქვეყანაში პირველი რაც მოხდებოდა, მსგავსი სკანდალის შემდეგ შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია პარლამენტში და მეორე დღესვე დაიბარებდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს […]
საშინელ, საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გულწრფელად ვფიქრობ, რადგან ამ ტიპის კონტროლს, რომლის მასშტაბის შესახებაც წარმოდგენაც არ მქონდა, ვერც წარმოვიდგენდი. შეიძლება ვუშვებდი და ყველა ვუშვებდით, რომ პოლიტიკურად აქტიური პირების ან საჯარო პირების მიმართ ასეთი რამ ხდებოდა, მაგრამ ყველა მოქალაქეზე თუ შეიძლებოდა ამხელა ინტერესი ყოფილიყო და ამდენი რესურსი იხარჯებოდა სახელმწიფოს მხრიდან, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო”, — თქვა ლომჯარიამ.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე საპატრიარქოსთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირების პირად ცხოვრებაზე და იკვეთება სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები, მათ შორის პედოფილიისა და სექსუალური ძალადობის შესახებ.