„ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა“, _ აღნიშნული განცხადება დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, ძირითადი სამუშაო პროცესი დასრულებულია და დოკუმენტი საკრებულოში განსახილველად გადასაგზავნად მზად არის.
„დოკუმენტის უმთავრესი ხაზი -მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, ცხადია, სრულად იქნა გაზიარებული. თბილისის მუნიციპალიტეტის და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის იყო დადებითი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტით.
ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი. თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით – “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი.
დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით;
უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა“,_განაცხადა კალაძემ.