დონალდ ტუსკმა “ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარის პოსტი ოფიციალურად დატოვა.
მის ადგილს, სავარაუდოდ, მანფრედ ვებერი, პარტიის ევროპარლამენტის ჯგუფის ხელმძღვანელი დაიკავებს.
ტუსკი EPP-ის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლის ნოემბრიდან იკავებდა, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვადის დასრულების შემდეგ.
„ეს იყო 900 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“, – განაცხადა ტუსკმა თავისი თანამდებობაზე ყოფნის დროს კორონავირუსის პანდემიის, ბრექსიტის, ბელარუსში ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის კომენტირებისას.
ამასთან, ტუსკმა აღნიშნა, რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ უნდა უხელმძღვანელოს ევროპისა და მისი ძირითადი ღირებულებების აღორძინებას.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთის შიდა პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს, სადაც ცოტა ხნის წინ, პოლონეთის უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.