დემოკრატიის კვლევის ცენტრის განცხადებით, 5 თებერვალს, ,,ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება დაუანონსა.
“დემოკრატიის კვლევის ცენტრის შეფასებით, პარტია დაანონსებული კანონპროექტებით ცდილობს, არა მხოლოდ შეზღუდოს, არამედ – სრულად გააქროს ქვეყანაში განსხვავებული და კრიტიკული აზრი. დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული, უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სტანდარტებს.
,,ქართული ოცნებამ” ფაქტობრივად ცენზურის დაკანონება დააანონსა – კანონპროექტის მიხედვით, დგინდება „მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.” აღნიშნული ნიშნავს, რომ საინფორმაციო საშუალებებში აიკრძალება ისეთი იდეებისა და ცნობების გავრცელება, რომელიც პარტიულ ინტერესებში არ შედის, მაშინ როცა დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ამასთან, არც ერთ კანონსა და კანონქვემდებარე აქტში აღარ იარსებებს ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ასევე იგეგმება ე.წ რუსული კანონის გამკაცრება და დაუყოვნებლივ დაიწყება აღნიშნული კანონის აღსრულების პროცესი.
,,ქართული ოცნების” დაანონსებული მძიმე კანონპროექტები ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეუთოს, ევროპული საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, რომლის მიხედვით, დაუშვებელია სიტყვისა და გამოხატვის უფლების არაპროპორციული შეზღუდვა და ცენზურის დაწესება. დაანონსებული კანონპროექტები დიქტატურის დამყარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”,_ აცხადებს დემოკრატიის კვლევის ცენტრი.



































































