„დროა ჩვენი ქალაქი რაღაცას დაემსგავსოს. ქუჩაში ვერ გაივლი, ისეთი სუნი და ანტისანიტარიაა ყველგან. უნდა მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილება, რომ აიკრძალოს ეს გარევაჭრობა“, _ თქვა ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე იურიდიული კომისიის ხელმძღვანელმა ვერიკო კვირკველიამ.
კვირკველიას ეს წინადადება უმრავლესობის წევრმა სხვა დეპუტატებმაც გაიზიარეს. მათი თქმით, წლებია უკვე ქუჩაში, ერთად იყიდება თევზეული და რძის ნაწარმი, ხილი თუ ბოსტნეული და დროა, ეს განუკითხაობა დასრულდეს.
„ძალიან ადვილად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. დილის შვიდ საათზე რომ გამოვა ზედამხედველობის სამსახური პოლიციასთან ერთად ორ-სამჯერ და მოვაჭრეებს არ მისცემენ მუშაობის საშუალებას, ნახავთ, როგორ მოგვარდება ეს საკითხი. სავაჭროდ ალტერნატიული ფართის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს, უბრალოდ, სამსახურის აქტიურ მუშაობაზეა დამოკიდებული, რომ ბოლოს და ბოლოს ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს“, _ აღნიშნა საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე მახათაძემ.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების მიერ გაჟღერებული საკითხი ლანჩხუთში გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მიუღებელია თავად მოვაჭრეებისთვის.
“კარგი ცხოვრების გამო არ ვდგავართ ქუჩაში. არც ჩვენ გვიხარია წვიმასა და ქარში ღია ცის ქვეშ დგომა, მაგრამ სხვა გამოსავალი რომ არაა?! ამ გზით ვშოულობთ ლუკმა-პურის ფულს და მიგვაქვს სახლში ბავშვებისთვის. ასეა ყოველთვის, როცა არჩევნებზე ხმები სჭირდებათ, მაშინ დასაშვებია ქუჩაში ვაჭრობა, ნაარჩევნებს კი აღარ მოსწონთ. მარშუტკებით რომ დგანან და ვაჭრობენ, ჯერ იმათ მიხედონ, ჩვენ რომ გვერჩიან“, _ ამბობენ გარემოვაჭრეები.