დუბაიში ბედნიერების გლობალური კოალიცია ჩამოაყალიბეს. კოალიციაში შევიდნენ არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ყაზახეთი, კოსტა რიკა, მექსიკა, პორტუგალია და სლოვენია. ახალი კოალიციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე მიიღეს.
ბედნიერების გლობალური კოალიციის დაფუძნების ღონისძიებას ექვსი წევრი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ესწრებოდნენ.
„დადგა დრო, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ შევიმუშაოთ ახალი მექანიზმები, რომლითაც ადამიანების ბედნიერების ხარისხს ავამაღლებთ. ხალხის ბედნიერება მთავრობის მუშაობის ინდიკატორია“, – განაცხადა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, მოქალაქეთა გაბედნიერებისთვის მეტი ინვესტიცია გამოიყოს.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მოქალაქეთა ბედნიერებაზე სპეციალური სამინისტრო ზრუნავს.
მინისტრის თანამდებობას ქალი – უჰუდ ბინ ხალაფატ არ-რუმი იკავებს. არაბული სახელმწიფოს მთავრობა მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ცდილობს.
დაგეგმილია ეკონომიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, უპილოტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოღება, კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარება და მარსზე პირველი კოლონიის მოსაწყობად მზადება, რაც 2117 წელს უნდა დასრულდეს.
1tv.ge