14 ივლისს, ჩოხატაურში საზეიმოდ აღინიშნა ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 91-ე წლისთავი.
მშობლიურ რაიონს მწერლის ქალიშვილი შვილიშვილთან ერთად ესტუმრა.
იუბილესთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის „თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში“, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის _ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, ახალგაზრდა პროზაიკოსებთან და პოეტებთან შეხვედრა გაიმართა.
გაიხსნა ცნობილი ქართველი მწერლისა და მხატვრის მანონ ბულისკერიას გამოფენა _ „კედლების გემო-3“. აქვე გაიმართა ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
ასევე, „ნოდარ ბაბუს ლექსების“ წიგნებით დაასაჩუქრეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები, საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები.
სტუმრებმა, გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში, ერისთავების სასახლე და ერკეთში მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია დაათვალიერეს.
ნოდარ დუმბაძის საიუბილეო საღამოს დასკვნითი ნაწილი სოფელ ზენობანში, მწერლის სახლ-მუზეუმში, მოწვეული სტუმრებისა და ადგილობრივი ანსამბლების ღონისძიებით დასრულდა.
ღონისძიებებს მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ასევე, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.