საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე ეკლესიას და სამრეკლო კოშკს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დვაბზუს ეკლესია და სამრეკლო კოშკი მდებარეობს სოფლის შუაში, სასაფლაოზე.
ეკლესია დარბაზულია. აღდგენილია რამდენიმე წლის წინ. თავდაპირველი ეკლესია ნაგები იყო რიყის ქვით დუღაბზე. პერანგად გამოყენებული ყოფილა დიდი ზომის და სხვადასხვა ფორმის ქვები. ძველი ეკლესიისგან შემორჩენილი იყო ორი შესასვლელი _ ჩრდილოეთის თაღოვანი და დასავლეთის ნახევარწრიული აბსიდის შუაში სარკმელი იყო გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს ტრაპეციის ფორმის თითო ნიშა იყო ამოჭრილი, ზემოთ კი კედლებში ჩატანებული ყოფილა ქვევრები. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილი ყოფილა პილასტრის დამასრულებელი კაპიტელი. სამხრეთის კედელი სრულად, ხოლო დასავლეთის კედელი ნაწილობრივ იყო დანგრეული. ეკლესიას აღდგენის შემდეგ შესასვლელი აღმოსავლეთის გარდა ყველა კედელში გაუკეთდა. ინტერიერი შელესილია და თეთრად შეღებილი, იატაკად ბრტყელი აგურია დაგებული. გადახურულია კრამიტით. სამრეკლო კოშკი დგას ტაძრის დასავლეთით. ამჟამად გადაკეთეულია. ნაგებია რუხი ფერის ქვით. პირველი სართული ოთხკუთხაა და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა თაღებით გახსნილი. მეორე და მესამე სართული მთლიანად ახლიდანაა აშენებული და ოვალური ფორმისაა. მეორე სართულს აივანი აქვს გაკეთებული, მესამე სართული კი თაღოვანი ფანჩატურია. კომპლექსის დასავლეთით, გზის პირას, კოშკზე მიდგმულია ახალი ყორეკედელი შესასვლელით.