ძაღლებს შეუძლიათ მიხვდნენ მოწყენილი ხართ, გახარებული, თუ გაბრაზებული, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მათ ასევე შეუძლიათ გამოიცნონ, რამდენად სანდო და პატიოსანია ესა თუ ის ადამიანი.
ჟურნალ Animal Cognition-ში გამოქვეყნებული კვლევა კიოტოს უნივერსიტეტში აკიკო ტაკაოკას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
კვლევის პირველ ეტაპზე ძაღლებს ხელით სპეციალური კონტეინერისკენ მიუთითეს, რომელშიც მათთვის საკვები იყო. კვლევის მეორე ეტაპზე მეცნიერებმა იგივე გაიმეორეს, ოღონდ, ამჯერად ძაღლებს კონტეინერებში საკვები არ დახვდათ. მესამე ეტაპზე ექსპერიმენტი პირველის იდენტური იყო, თუმცა იყო ერთი განსხვავება, ძაღლების ნაწილი კონტეინერებით აღარ დაინტერესდა.
გარკვეული დროის შემდეგ, მეცნიერებმა ექსპერიმენტის პირველი ეტაპი კვლავ გაიმეორეს, რის შემდეგაც მეცნიერებმა ძაღლების ნდობა დაიბრუნეს.
“ძაღლების სოციალური ინტელექტი იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ძაღლები ათიათასობით წლის განმავლობაში ადამიანების გვერდიგვერდ ვითარდებოდნენ, ეს უნარები სწორედ ამ ხანგრძლივი ევოლუციის შედეგია”, – აცხადებს ტაკაოკა.
ამას ჟურნალ Neuroscience and Biobehavioural Reviews-ში შარშან გამოქვეყნებული კვლევაც ემატება, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლები ხვდებიან, როდესაც სხვა ადამიანებს ცუდად ვექცევით.
კვლევის მიმდინარეობის პროცესში მეცნიერებმა პატრონებს სთხოვეს, რომ საკუთარი ძაღლების თანდასწრებით სხვა ადამიანებისთვის დახმარება ეთხოვათ. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ძაღლები, იმ ადამიანებისგან საკვების მიღებაზე, რომლებიც მათ პატრონს უხეშად მოექცნენ, ან არ დაეხმარნენ, უარს ამბობდნენ.