ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა ძაღლის მიერ მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფაქტები ხდება როგორც ქუჩის ძაღლების, ასევე ე.წ. სახლის ძაღლების მხრიდან. შემთხვევები კი ხდება საკუთარ სახლში, ქუჩაში, სკვერში სეირნობისას და ა.შ.
ფაქტები იმდენად გახშირდა, რომ გასულ თვეში უკვე რეგულაციების გამკაცრებაზეც დაიწყეს საუბარი. მათ შორის, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. ამასთან, კანონპროექტის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი მოქმედი კანონმდებლობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია სანქცია ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევაზე. ამ შემთხვევაში მოქალაქე დაჯარიმდება შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირი დაჯარიმდება – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.