კახეთში, 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე დაკავებულ 35 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ორი წლის ბავშვს, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ბებიამ მიიყვანა.
ქალი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვანზე დედამ იძალადა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პოლიციამ მცირეწლოვანის მამა დააკავა, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
ფაქტზე გამოძიება 126 პრიმა მუხლით დაიწყო,რაც ოჯახის არასრულწლოვანი, წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, თუმცა საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ, დაკავებულს ბრალი 11 პრიმა 117 -ე მუხლით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.