ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სპეციალური ანგარიში: „სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილება და მოქალაქეთა დაკავებისას განხორციელებული ძალადობა 2014 -2017 წლებში“.
დოკუმენტში იდენტიფიცირებულია 2014-2017 წლებში სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები საქმიანობის პროცესში, პირის დაკავებისას, მათი მხრიდან კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების დარღვევები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული 14 საქმიდან ირკვევა, რომ პოლიციელებმა დაკავებული პირების მიმართ, სავარაუდოდ, განახორციელეს ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.
საქმეთა ანალიზი გვიჩვენებს არსებული საგამოძიებო სისტემის არაეფექტურობას ისეთი შემთხვევებისას, როდესაც იკვეთება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების სავარაუდო დანაშაული.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებულ უმეტეს საქმეზე გამოვლენილია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან პირის დაკავების პროცესში არაპროპორციული ძალის გამოყენება. 14 საქმიდან მხოლოდ 4 საქმეზე დადგა სამართლებრივი შედეგი. ორ საქმეზე, რომელზეც გამოძიება გაჭიანურდა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოებული საქმეების საფუძველზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სრული გამოძიების უზრუნველსაყოფად, მანკიერი, სისტემური პრობლემების აღმოფხვრა მხოლოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პირობებშია შესაძლებელი.