ბათუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ნოდია:
“რაც მესმის ბათუმიდან, ორი მდგენელი გადაეჯაჭვა ერთმანეთს. ერთი მხრივ ზოგადად წესრიგის და მასთან ერთად პოლიციის მიმართ აგრესია: პოლიცია რომ გაჯარიმებს, საზიზღარია. მაგრამ მეორე და ძალიან სახიფათო რამე, რაც იკვეთება, არის “აჭარული” ფაქტორი: აჭარლები ფიქრობენ, რომ აჭარის გარედან პოლიციის ახალი უფროსის მოყვანა რაღაცნაირად ამცირებთ; ესე იგი, სხვები ზემოდან უყურებენ. პოლიციის მოვალეობაა, წესრიგი აღადგინოს, მათ შორის ძალის გამოყენებით. მაგრამ ძირეული მიზეზები კიდევ სხვაა. ამ ძირეულ მიზეზებზე მთავრობაც არის პასუხისმგებელი. ის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სისტემურად მანიპულირებდა იმ მოტივებით, რომ თუ სახელმწიფო წესრიგს იცავს და კანონის დამრღვევებს სჯის, ის ამის გამო “პირსისხლიანია”. მეორეს მხრივ, ის სისტემურად ეყრდნობოდა რელიგიურ ნაციონალისტებს, ვისთვისაც ნამდვილი ქართველი აუცილებლად მართლმადიდებელი ქრისტიანია. ეს არ შეიძლებოდა აჭარლების განწყობაზე საბოლოოდ არ ასახულიყო. მთავრობა ამ ყველაფრისთვის უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ, ამავე დროს, ასეთი დროს მაროდიორებთან გვერდით დგომა სრული პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა”, _წერს ნოდია.