„დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გრიპის ვირუსების შესახებ ისაუბრა.
იმნაძის თქმით, ვირუსით ძირითადად ბავშვები ავადდებიან, რის გამოც, ბავშვთა საავადმყოფოები უფრო გადატვირთულია, ვიდრე დიდების, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემია არ არის.
იმნაძის თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებლია 190 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე.
„ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა ჩვენთან არის 190 ადამიანი 100 ათას მოსახლეზე. გასაგები რომ იყოს, ჩვენთან, საქართველოს პირობებისათვის ეპიდემიურ ზღვრად ითვლება 450- 500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე.
გასულ წელს იმავე პერიოდში იყო 220 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, ხოლო პიკზე იყო 280 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. შედარებისთვის, რუსეთში ეპიდემიურ ზღვარად ითვლება 700-მდე შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. ანუ არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა, მაგრამ ვინც ავადაა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ეპიდემია.
ძირითადად, ბავშვები ავადდებიან გრიპით, მცირეწლოვანი ბავშვები და ჰოსპიტალიზაციაც მათ უხდებათ. დიდების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიცაა ბავშვთა საავადმყოფოებში.
ეს არის ზამთრისთვის და ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად. რა თქმა უნდა, ადამიანები უნდა იყვნენ ფრთხილად. თუ ბავშვს აქვს სიცხე 38, 5 ერთი დღე, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა”, – განაცხადა იმნაძემ.