თურქეთში ძლიერი ხანძარია.
როგორც Reuters იუწყება, ხანძარი ტყეში გაჩნდა, მაგრამ ქარის შედეგად ქალაქ მანავგატში გავრცელდა, რომელიც ანტალიადან 75 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ევაკუირებულია ქალაქის ცენტრი.
„ხანძარი ქალაქის ცენტრისკენ ვრცელდება. ცეცხლის გავრცელების არეალი კიდევ უფრო იზრდება ქართან ერთად. შეუძლებელია განვსაზღვროთ ზარალის ზომა, არის ზარალი სოფლებშიც. ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს“,_ განაცხადა მერმა სუკრუ სოზენმა.
ანტალიის მერმა მუჰითინ ბოჩეკმა თქვა, რომ ხანძარი ოთხ სხვადასხვა წერტილში გაჩნდა. მისი თქმით, ოთხი უბნის ევაკუაცია გახორციელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობას 19 ვერტმფრენი, 108 მანქანა და 400 -მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფები ახლომდებარე პროვინციიდან გამოიძახეს, ხოლო ხელისუფლებამ ტყის მახლობლად მდებარე დასახლებები გაასახლა.
ანტალია ტურისტებში პოპულარული ადგილია, მაგრამ ზაფხულში ძლიერი სიცხე ახასიათებს. ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ და ქარმა კი ფიჭვნარში ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო.