„ ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.
„პოლიტიკური გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, თანმიმდევრულობასა და შეთანხმებების შესრულების პრაქტიკას. ბოლო წლებში დემოკრატიულ ძალებს არაერთხელ შევთავაზეთ სისტემური ერთობის ფორმატები — ალტერნატიული პარლამენტის იდეა, პრეზიდენტის ქარტიის გარშემო კონსოლიდაცია, არაპარტიული ეროვნული ერთობის მოდელი. თითოეულ შემთხვევაში პროცესი შეჩერდა ან ჩაიშალა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ დაზიანდა იდეა და ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების ნდობაც, სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიმართ.
ერთობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. ერთობა არის ინსტრუმენტი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. თუ მიზანია მმართველი სისტემის დამარცხება, ამას სჭირდება ძლიერი, მრავალფეროვანი, პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი ოპოზიციური სპექტრი.
პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს.
ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით.
„ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.
„ძლიერი საქართველო – ლელო” გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი“, – ნათქვამია განცხადებაში.


































































