სამტრედიის მუნიციპალიტეტის გორმაღლის თემში სტიქიური მოვლენები განვითარდა.
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანდა თამაზ ჩაჩუას საცხოვრებელი სახლის სახურავი.
სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა ასევე ზოია გეგუჩაძის სახლის სახურავი.
ძლიერმა ქარმა დააზიანა ქვაყუდის არასრული საჯარო სკოლის სახურავი და ეგრეთ წოდებული „ჟოლოფები“.
მწყობრიდან გამოვიდა და სპეციალისტთა აზრით დემონტაჟს ექვემდებარება სკოლის მიმდებარედ არსებული მგზავრთა მოსაცდელი.
მეწყერი გააქტიურდა ლელა თოთლაძის საკარმიდამო ნაკვეთთან, რის გამოც სახლში გაჩნდა ბზარები.
მეწყერმა სოფლის ეკლესიასთან საავტომობილო გზა დააზიანა.
სოფელ ქვაყუდეში, კერძოდ, თორგუას უბანში გააქტიურდა მეწყერი, ჩამოიშალა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, ასევე, დააზიანა ორი ხიდ ბოგირი.
მოსახლეობამ თავდაპირველად დახმარებისთვის მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გორმაღლის თემში, ხათუნა ლებანიძეს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციები მუნიციპალიტეტის მერიას მიაწოდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი ხელისუფლება _ ისინი დახმარებას დაპირდნენ დაზარალებულებს.
ავტორი