ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი) მცხოვრები, გეორქ მარუქიანის ძროხა, როგორც თითონ გვეუბნება „შინ დაფეთებული მოვარდა“, თან ყელზე საბელი ჰქონდა შემორტყმული.
_ უეჭველია, ვიღაცამ მოპარვა მოინდომა, თოკიც კარგად შემოაბა კისერზე, თუმცა , როგორ ეტყობა, პირუტყვი დაფრთხა უცხო ადამიანის დანახვაზე, გაუძალიანდა და დაუსხლტა. სხვას რას უნდა ნიშნავდეს ეს, არ ვიცი. მე საბელმობმული არასდროს გამიშვია პირუტყვი საძოვარზე. რაღაც, ბრტყელი თოკი ჰქონდა ყელზე წაჭერილი. კიდევ კარგი რომ გაექცა, მაგრამ აწი რით ვარ დაზღვეული, რომ არ მომპარავენ? _ უთხრეს „გურია ნიუსს“ მარუქიანებმა.
ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ღიად გამოთქვამენ ვარუდს, რომ საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად, პირუტყვის ქურდობის შემთხვევები მატულობს. ამიტომ ყურადღებაა საჭირო. ასევე, საეჭვო არიან მიკროავტობუსებით და ძარიანი მანქანებით სოფლებში შემოსული აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგელები, რომლებიც მეგაფონებით იუწყებიან, რომ პირუტყვის შესაძენად დადიან.
_ ჩვენ რა ვიცით, რომ ასე მოსიარულეებიც არ იკადრებენ მსგავს რამეს? _ თქვეს მათ „გურია ნიუსთან.“
სოფელ ჭანიეთში, მუნიციპლიტეტის მერის წარმომადგენელმა ირაკლი რამიშვილმა გვითხრა, რომ აღნიშნული ფაქტის უკვე შეატყობინა ოზურგეთის პოლიციას.
_ მე უკვე მივმართე ჩვენი უბნის რწმუნებულს, აჩიკო გორდელაძეს და ვთხოვე ყურადღების მობილიზება, რომ პირუტყვის ქურდობა არ დაიწყოს, როგორც ეს ადრე წლებში ხდებოდა. მან აღგვიქვა თანადგომა და განაცხადა, რომ კონტროლს გაამკაცრებენ, _ გვითხრა რამიშვილმა.