ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მცხოვრების, ავთო ცინარიძის ოჯახში, დეკეულის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პირუტყვი შინ არ მოვიდა. ოჯახის დიასახლისმა ხათუნა ცინარიძემ, მეორე დღეს, კარგა ხნის ძებნის შემდეგ, საკუთარი დეკეული, სოფლის ყანების განაპირა თხმელის ტყეში, საგულდაგულოდ დაბორკილი, ხეზე მიბმული იპოვა.
„კიდევაც მიხარია, რომ ვიპოვე და კიდევაც მეშინია, რომ აწი საბალახოდ გავუშვა. რა გვეშველება, თუ ისევ ძროხების ქურდობა დაიწყება?“ _ თქვა „გურია ნიუსთან “ საუბარში ხათუნამ ცინარიძემ.
სოფელ ჭანიეთის და ასევე სრულიად გურიის მცხოვრებთ, არაერთი პერიოდი ახსოვთ, განსაკუთრებით 2009-2010 წლები, როცა მარტო სოფელ ჭანიეთში, ერთი ზაფხულის განმავლობაში, რვა ძროხა დაიკარგა, რომლის კვალს ვერავინ მიაგნო.