საქართველოში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერას იმსახურებს _ კვლევა, რომელიც ევროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თაოსნობით ჩატარდა, ასეთ ტენდენციას უსვამს ხაზს.
NDI-ის კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს?_ გამოკითხულთა 48% პასუხობს, რომ არც ერთი.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ,,გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობა რომ არის გაჩენილი, ნათელია, თუმცა, ექსპერტი NDI-ის კვლევებს ეჭვქვეშ აყენებს.
,,საზოგადოების დიდი ნაწილი რომ არ არის მზად თავისი განწყობა გამოხატოს, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პოლიტიკური ძალების მიმართ საერთო ნიჰილიზმი გაჩნდა საზოგადოებაში.
რაც შეეხება NDI-ის კვლევას, ამდენი წელია, პოლიტიკაში ვარ ჩართული და ჯერ არ მინახავს ადამიანი, ვინც NDI-მ გამოკითხა, ამიტომ ეჭვი მაქვს მის კვლევებთან დაკავშირებით.
არეშიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების ძალთა გადანაწილებაზეც ვკითხეთ. მისი თქმით, სანამ ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი არ დასახელდება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია. რაც შეეხება, ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ექსპერტი მიანიშნებს, რომ ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერება ასამაღლებელია.
,,პრეზიდენტის არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რასაკვირველია, პრეზიდენტის პოსტი მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, იმაზე შეზღუდული უფლებები აქვს, ვიდრე მარგველაშვილს ჰქონდა.
პრეზიდენტს უშიშროების საბჭოც კი, რომელიც მის გამგებლობაში იყო, ისიც კი აღარ ეკუთვნის. პრეზიდენტი არ არის გადამწყვეტი ფიგურა, ის არის წარმომადგენლობითი ფიგურა, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ან ჯერ უცნობია, ან არ იცის, რას ნიშნავს წარმომადგენლობითი ფუნქციები, ამიტომ არის ამდენი ლაპარაკი ამ საკითხზე.
ვთვლი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა წარმოდგენილ კანდიდატს აქვს თავისი პლუსი და მინუსი, მაგრამ, ჯერჯერობით, დარეგისტრირებული კანდიდატებიდან ყველაზე დიდი შანსი უსუფაშვილს აქვს. სალომე ზურაბიშვილი როცა დარეგისტრირდება, შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ. არ ვიცი ,,ქართული ოცნება“ უჭერს თუ არა მას მხარს, ამიტომ, ჯერჯერობით, რამის თქმა ნაადრევია“, _განაცხადა არეშიძემ.
როგორი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში ძალთა გადანაწილება და დადგება თუ არა მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა?_ მეტწილად, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე იქნება დამოკიდებული. ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო გეგმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ განუცხადებია.