პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, თუ გუნდი მის შესახებ სასაუბროდ შეიკრიბა, აჯობებდა სხდომას თავადაც დასწრებოდა.
ბესელია, რომელიც სამსახურეობრივი მივლინებით უცხოეთში იმყოფება, ამბობს, რომ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კარგად იცოდა:
“ამ მივლინებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა. შესაბამისად, მან იცოდა, რომ მე არ ვიქნებოდი დღეს საქართველოში და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს შეგნებულად დაიგეგმა ამ დროს.
თუ მე მეხება საკითხი, იმ გარემოებებს და საკითხებს ეხება, რომელიც კავშირშია ჩემთან, მაშინ ეთიკურია, რომ მე ვესრწებოდე ამ სხდომას”, _ განაცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ უმრავლესობიდან გარიცხავენ, ბესელია პასუხობს, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს:
“თუ საუბარია იმაზე თუ რატომ გავაკეთე განცხადება რაც გავაკეთე გადადგომის თაობაზე, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება იმსახურებს ელემენტარულ პატივისცემას, აუხსნა, რატომ იღებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი წასვლის თაობაზე გადაწყვეტილებას”, _ აღნიშნა ბესელიამ, რომელსაც თანაგულდელებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან პრეტენზიები აქვს:
“მე მაქვს სამდურავი _ რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ დაარღვია სწორედ ის წესი, რაზეც თავად საუბრობენ, რომ საჯაროდ არ შეიძლება გუნდის წევრების კრიტიკა. ოხანაშვილი, კილაძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ არ იყო ჩემი მიზეზის თუ მოტივის ახსნა სიმართლე, რომ ეს იყო სიცრუე და რაღაც მსგავსი.
მე არ მინდა ვიყო თავდამსხმელის როლში. ვარ მოპასუხის როლში, მაგრამ არ ვაპირებ გავჩუმდე, როდესაც ვხედავ თავდასხმას, ცილისწამებლურ განცხადებებს”, _ აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ თანამდებობა გასულ წლის 27 დეკემბერს დატოვა. მასთან ერთად თანამდებობიდან მისი მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი წავიდა.
ბესელიამ თანამდებობის დატოვების მიზეზას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია დაასახელა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ “ბესელია სხვა მიზეზით წავიდა”.
ამ დრომდე უცნობია ეს “სხვა მიზეზი”. პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალებზე არ უსაუბრია.
ამავე თემაზე: ბესელიას შემცვლელის ვინაობა ცნობილია _ რა გადაწყვეტილება მიიღეს “ოცნების” ოფისში