ეკა ბესელია ორასი ათასი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. დეპუტატმა პარლამენტის კანცელარიაში საინიციატივო ჯგუფის სახელით კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტი უკვე დაარეგისტრირა. ცვლილების მიზანია, მოსამართლეთა უვადო გამწესების წესი ვადიანით შეიცვალოს.
“ძალიან დიდი უკმაყოფილებაა მოსამართლეთა უვადოდ არჩევის იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის საბჭომ დაამკვიდრა და ძალიან ბევრი კრიტიკა იყო. ეს ჩანაწერი გამოყენებულია არა ისე, რომ ემსახურებოდეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, არამედ მან მიიღო ძალიან საზიანო სახე. მართლმსაჯულების რეფორმა სანამ არ დასრულდება ქვეყანაში, მანამ მოსამართლეების უვადოდ გასამწესებლად ქვეყანა მზად ვერ იქნება. ამიტომ როდესაც მორატორიუმის კანონპროექტი ჩააგდო პარლამენტის უმრავლესობამ, მაშინ ითქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, ამიტომ ვიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილებას”, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, მზად არის, რომ ამ ცვლილებებისთვის საერთო სახალხო განხილვებიც მოეწყოს. მისი განმარტებით, ის 200 000 ხმას ოთხი თვის განმავლობაში შეაგროვებს და შემდეგ უკვე განხილვებიც დაიწყება.
„ქრონიკის“ შეკითხვას, არის თუ არა ბესელიას ეს მოთხოვნა იმის აღიარება, რომ მისი კანონპროექტი თავის დროზე არაკონსტიტუციური იყო, პარლამენტის წევრმა ასე უპასუხა:
“რა თქმა უნდა არა, და რატომ?! მაშინ, როდესაც უმრავლესობა ამბობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე მორატორიუმს ვერ მიიღებდნენ, ეს იყო საბაბი, ცდილობდნენ რაღაცით გაემართლებინათ საკუთარი უარყოფითი და ნეგატიური დამოკიდებულება, თუმცა ის კანონპროექტი ცოტა სხვა ფორმულირებით იყო წარმოდგენილი, ის იყო მორატორიუმი შეჩერებაზე, ეს კი არის საერთოდ გაუქმება მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესის. იმ კანონპროექტში ჩვენ არ ვითხოვდით გაუქმებას, ჩვენ ვითხოვდით გადავადებას და მას კონსტიტუციის გარდამავალი დებულება ითვალისწინებს “, _ აღნიშნა ბესელიამ.
ინიციატივის ხელმომწერები დამოუკიდებელი დეპუტატები და “პატრიოტთა ალიანსის” რამდენიმე დეპუტატია. ხელმომწერთა შორისაა ვატო შაქარიშვილიც.