“დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში, როგორიც არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და მნიშვნელოვანია თბილისიც”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ქვეყანა წელიწადზე მეტია, იმყოფება პანდემიაში და საზოგადოება კარგად იცნობს იმ ქცევის წესებს, რის შემდეგაც შეიძლება, ვითარება მნიშვნელობა გართულდეს.
„არც საზოგადოებას და არც მთავრობას არ უნდა, რომ შემდეგ ჩაკეტვა და შეზღუდვებს მიმართოს. დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული პირბადის გამოყენება, არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას და პირადი ჰიგიენის ზომები არ არის შესაბამისად დაცული. კვლავ გვაქვს მრავალკაციანი ქორწილები, ქელეხები და ეს ყველაფერი აისახება ეპიდმდგომარეობაზე. დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში, როგორიც არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და მნიშვნელოვანია თბილისიც. მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობით ყველა ღონისძიების მიმართ მთავრობა შეძლებს დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და თანაბრად გავიაროთ მესამე ტალღა. ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.