სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად აცრილები, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დაკვირვების შედეგად ჩანს, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, RT, ერთზე დაბალია.
„სტატისტიკა, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმეა. თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი – RT, ერთზე დაბალია, კონკრეტულად დღეს 0,91-ია, რაც დამაიმედებელია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ნიშნული შენარჩუნდეს და კიდევ უფრო დაწეული იყოს იმისათვის, რომ ჰოსპიტალური სექტორი გაუმკლავდეს მოცემულ რიცხვებს.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეები მაქსიმალურად აცრილები იყვნენ და ეს მაქსიმალური რიცხვი ჩემთვის პირადად არის 90%“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.