რუსი ექიმი, რომელმაც მოწამლულ ნავალნის უმკურნალა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ომსკის საავადმყოფოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ომსკის საავადმყოფოს განცხადებაშია ნათქვამი, 55 წლის მთავარი ექიმის მოადგილე ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის საკითხებში, სერგეი მაქსიმიშინი, მოულოდნელად გარდაიცვალა.
“სინანულით გაცნობებთ, რომ გადაუდებელი საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის საკითხებში, ომსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განყოფილების ასისტენტი, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი სერგეი მაქსიმიშინი მოულოდნელად გარდაიცვალა,” – ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.
ექიმის გარდაცვალების მიზეზი საავადმყოფოს არ დაუსახელებია.
ცნობისთვის, სერგეი მაქსიმიშინი იმ საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ ალექსეი ნავალნი გადაიყვანეს.
ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.