ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ქადაგებისას ისაუბრა იმაზე, რომ ქრისტეს და ეკლესიის სახელით ადამიანებზე ძალადობენ.
მისი თქმით, ეკლესია ვერ შეიწყნარებს ცოდვას, მაგრამ სწორი გზისკენ მითითება სიყვარულით უნდა მოხდეს.
“ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი და ჩვენ ვამბობთ, ჩვენ არ გვძულს ადამიანები, მაგრამ როგორც მამა საკუთარ შვილებს, ისე ვეფერებით სიყვარულით სხვა ადამიანებს და მივუთითებთ სწორი გზისკენ. მაგრამ არის მეორე მხარე, ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი. ეს აცდენილია ქრისტეს და სახარებას.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული. ხოლო ეკლესია, არ არის აბსოლუტური, ჩვენი სამეფო არის ზეციური ცხოვრების გზა და ზეციური ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ უნდა მივუთითოთ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს ის, რაც არის ღვთისთვის სათნო და რა არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში, იქნება ეს საკუთარი ცხოვრების მაგალითის მიცემის. თუ ადამიანებს არ აინტერესებთ, სამწუხაროდ, ღმერთთან ერთობა, ჩვენ ვერ ვიქნებით მოძალადეები.
ნებისმიერ ცოდვაზე შეიძლება ითქვას, აზარტული თამაშები იქნება თუ სხვადასხვა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ბევრი ჩვენგანის უმეტესი ნაწილი ამ ცოდვაშია, ჩვენ ამას არაფრით გავამართლებთ, მაგრამ ყოველთვის მექნება სიყვარულით დამოკიდებულება ცოდვილი ადამიანების მიმართ. ჩვენი ხელები ყოველთვის იქნება გაშლილი, როგორც მამის, რომელიც ელოდება თავის დაკარგულ შვილს, რომ მიიღოს, ჩაიხუტოს. ძნელია განვიკითხოთ სხვა ადამიანები, მაგრამ უნდა ვეცადოთ სიყვარული გამოვხატოთ ყველა ადამიანის მიმართ. მაცხოვარი განკაცდა და ჯვარს ეცვა არა მხოლოდ ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის და არავინ იცის ვინ როგორ დაასრულებს საკუთარ ცხოვრებას და ვის როგორი სინანული ექნება,”– განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.
წყარო: რუსთავი2