ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, _ ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ასაძლიერებელია მუშაობა როგორც ესკორტის მიმართულებით, ასევე იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ექსკურსიებს ახორციელებენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, ასე აუცილებელია ესკორტის თვალსაზრისით, მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას სპეციალური ნებართვის გაცემა”.
მიხეილ ჩხენკელი შს მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.
“შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს”, _ თქვა ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი გადავარდა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები კახეთში ექსკურსიაზე მიჰყავდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნულის შესახებ შსს-მ საგანგებო განცხადება გააკეთა.
მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა, დაკავებულია, შსს-ს ცნობით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა.
დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.