ჰგავდა თუ არა სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის გუშინდელი განცხადება დაშინებული ადამიანის მიერ გაჟღერებულ პოზიციას? რა კავშირი აქვს ყოველივე ამასთან პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსა და სხვა სახელისუფლებო პირებს? ვის და რატომ აფარებს ხელს ხელისუფლება?_ ამ საკითხებზე ,,გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტს, გია ხუხაშვილი საუბრობს.
_ ბატონო გია, გუშინ მოვისმინეთ ლევან ყიფიანის განცხადება, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი სკანდალური ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ჩანაწერების გაკეთება ზაზა ოქუაშვილმა ბიზნესის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით შესთავაზა.
ამ პათოსს ხელისუფლების ნაწილი იზიარებს და ყოველგვარი მტკიცებულებისა თუ დამაჯერებელი არგუმენტის გარეშე საზოგადოებასაც იმავეს მოუწოდებს.
გადავავლოთ თვალი ბოლოდროინდელ მოვლენებს, კანონპროექტი მარიხუანის კულტივაციის შესახებ არის თემა, რომლის შინაარსი, ხელისუფლების აზრით, საპატრიარქომ და საზოგადოების ნაწილმა კარგად ვერ აღიქვა.
ამასთან, გავიხსენოთ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ხმაურიანი განცხადებები, რომლებიც მრავლადაა და რომელთა არასწორად აღქმაში მმართველმა პარტიამ მედია დაადანაშაულა, თუმცა ყველა ამ შემთხვევაში, ფაქტი ჯიუტია.
რა გამოდის, ხელისუფლება ხალხს ბრბოდ აღიქვამს და ისე „ატრიალებს“, როგორც მოისურვებს?
_ ეს არის ფატალური შეცდომა, ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ამ ნაღმზე აფეთქდა ყველა ხელისუფლება.
ამ ახალგაზრდა კომკავშირლებისგან არ მიკვირს, იმიტომ, რომ მათ ეს არ იციან და არ გამოუცდიათ, მაგრამ იქ არიან ზრდასრული ადამიანები, რომელთა თვალწინაც გაიარა ამ ყველაფერმა. რატომ ეგებიან იმავე მახეში, ჩემთვის გაუგებარია.
მესმის, ძალაუფლება რყვნის, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტიქტმა ხომ უნდა გიბიძგოს, რომ თავი დაიცვა ასეთი დრამატული განვითარებისგან.
საზოგადოება შეურაცხყოფილია და როგორც კი საშუალება მიეცემა, წალეკავს ყველას და ყველაფერს.
„ქართული ოცნება“ სერიოზულ სახელისუფლებო რყევებში გადადის, რაც ბევრად უფრო მძიმე შედეგის მომტანია.
_ ლევან ყიფიანის გუშინდელ განცხადებას როგორ აფასებთ, სიმართლის რაიმე ნასახს კავშირი აქვს მის განცხადებასთან?
_ ეს არის დრამა, რომელიც მხოლოდ ლევან ყიფიანს კი არ უკავშირდება, არამედ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას ასახავს.
ამ ქვეყნის ისტორიაში ასეთი შემთხვევა მრავლად გვაქვს ნანახი. მოსალოდნელი იყო, რომ ლევან ყიფიანის რიტორიკა მიმართული იქნებოდა ოქოაშვილის წინააღმდეგ და ხელისუფლების სასარგებლოდ.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ყიფიანი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც იქით იქნება თუ აქეთ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მის ქმედებაში ყველა მხრიდან თაღლითობის ნიშნები იკვეთება. ფაქტობრივად, გუშინ თაღლითობაზე მისცა აღიარებითი ჩვენება.
დღეს ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშილი არ არის პრობლემა, პრობლემა ის ურჩხულია, რომელიც თავის წიაღში გამოზარდა ,,ქართულმა ოცნებამ“.
ხელისუფლება და სისტემა საზოგადოებასთან ვერ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით. ფარცხალაძე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მათ აქვთ იმის კომფორტი, რომ ამ უდანაშაულობის პრეზუმფციით ისარგებლონ.
ფაქტია, რა უბედურებაც არ უნდა მოდიოდეს ქვეყანაში, ყველა ვექტორი მიდის ბიძინა ივანიშვილთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეების ძალიან დიდ ნაწილზე მას წარმოდგენაც კი არ აქვს.
სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ეს და ამგვარი საქმეები იყოს გამოძიებული და სისტემა ტრანსფორმირებული, თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მაშინ ის სხვების დანაშაულს აიღებს საკუთარ თავზე.
_ ლევან ყიფიანის გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე, საქმის ობიექტურად დამთავრებაზე საუბარი რთულია… თუმცა, როცა საუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე, საკმაოდ დამაჯერებლად აცხადებთ, რომ ის არაფერ შუაშია. როგორ ფიქრობთ, პარტიის ლიდერი (ივანიშვილი) და სხვა სახელისუფლებო პირები რომ არ იყვნენ ჩართული ამ საქმეში და ვინმეს ხელს რომ არ აფარებდნენ, მმართველი პარტია უფრო ნეიტრალურ პოზიციას არ დაიჭერდა?
_ მმართველ პარტიაში ძალიან ბრიყვულად უყურებენ ამ საკითხს. მთავარი სამართლებრივი მხარე კი არ არის, მთავარი არის პოლიტიკური კონტექსტი და საზოგადოების განცდა.
გრძელვადიან პოლიტიკურ კონტექსტში ეს პარტია ყველანაირად წაგებულია.
რაც უფრო მეტი დამაჯერებლობით ისაუბრებს ლევან ყიფიანი, თუ როგორ თხრიდა ამ „გვირაბს“, მით უფრო მეტი პრობლემა შეექმნება ხელისუფლებას.
მათ ჰგონიათ, რომ თუ ლევან ყიფიანი იმას ჰყვება, რაზეც გუშინ ისაუბრა, ამით პრობლემას აგვარებენ. ამ ქვეყნის უახლეს ისტორიას მაინც გადახედონ. ასეთ რაღაცას საზოგადოება ხელისუფალს არ აპატიებს და რატომ ჰგონიათ, რომ მაინცდამაინც მათ აპატიებენ?!
რაც შეეხება ივანიშვილს, მე შიგნიდან ვიცნობ პროცესებს და მაქვს გამოცდილება. ბიძინა ივანიშვილთან ნაცნობობიდან გამომდინარე, უფრო ვიხრები ამ ვერსიისკენ:
ორბიტაზე მოხეტიალე ადამიანების ჯგუფი ცდილობს, რომ ივანიშვილის სახელი ბოროტად გამოიყენოს. ჯერჯერობით, ასე ვხედავ საკითხს, თუმცა ამ პროცესის აღქმასაც აქვს თავისი ლიმიტი.
თუ მსგავსი თემები არ იქნება გამოძიებული, თუ ამ მანიაკებს თავი არ წააცალა ბიძინა ივანიშვილმა, ბუნებრივია, გამოვა, რომ ის ინაწილებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე, რაც მისთვის კარგად ნამდვილად არ დამთავრდება.