ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის სახელწოდებაა, „ნაციონალური მოძრაობის“ შეღწევა სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით“.
კვლევა მოიცავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ შეიქმნა და რომელთა ნარატივი „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
ანალიტიკოსის კვლევაში მოხვდა 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხა.
კერძოდ: “პოლიტიკის ანალიზის თბილისის ცენტრი“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“, „საქართველოს დიპლომატთა კლუბი“, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, „სამართლებრივი გამჭვირვალობა, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ „მედიის განვითარების ფონდი“, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ , “საქართველოს რიხარდ ვაგნერის საზოგადოება”, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“, „ქართული ვაზის ფონდი“ „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაცია“, „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა თემის განვითარების ცენტრი“, „სამოქალაქო მოძრაობა-საქართველოს ერთგულების სახელით“ და სხვანი.
გია აბაშიძე აღნიშნული კვლევის შესახებ „გურია ნიუსთან“ საუბრობს.
„კვლევა ინტერნეტისა და სხვა საჯარო სივრცეში არსებულ ანალიზს ეფუძნება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავისი საქმიანობით უნისონშია აღნიშნული პარტიის პოლიტიკურ ნარატივთან. პირველი ეტაპი 2003 წელს დაიწყო, როდესაც არასამთავრობოს დამფუძნებელი ყოფილი ჩინოვნიკები გახდნენ. მეორე ეტაპი 2009 წლიდან, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სპეციალური ფონდი შექმნა. მესამე ფაზა იქმნება 2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს აფუძნებენ, როგორც რეგიონებში, ისე თბილისში“, _ აღნიშნა აბაშიძემ.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.