თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას იმ დროს მოღვაწე თანამემამულე ხელოვანებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.
დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან მინდა რომ დავბრუნდე და იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში გახმაურებული რამდენიმე კურიოზი გავიხსენო.
სახელოვანი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ასეთ კურიოზს იხსენებს:
„შერეკილები“ მქონდა ჩატანილი ირანში, კინოფესტივალზე. სურათის ჩვენებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. მას ირანის შაჰის მეუღლე – დედოფალიც ესწრებოდა და მასაც ძალიან მოეწონა ეს სურათი. პატივისცემის ნიშნად კი, სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“, სადაც ვცხოვრობდი, ფეშენებელურ რესტორანში „ულიმიტო სუფრით“ სარგებლობის უფლება მომანიჭეს, ანუ შემეძლო, უფასოდ მეჭამა, რაც მსურდა. ამიტომ, იმ დღეებში, რაც კი იქ გავატარე, ყოველ საღამოს ზღაპრულ სუფრას ვაშლევინებდი რესტორანში და ძალიან ბევრი ადამიანი ვაქეიფე. მოკლედ, ყოველდღე გემრიელი ვახშამი და კარგი მოლხენა გარანტირებული გვქონდა.
თუმცა, დადგა წამოსვლის დროც და მეორე დღეს რომ უკვე მოსკოვში მოვფრინავდი, საღამოს, ვახშმის შემდეგ, ნომერში ავედი. დასაძინებლად ვემზადებოდი და ამ დროს რესტორნის თანამშრომელი მოვიდა. მან გრძელი ფურცელი დამიტოვა და წავიდა. ფურცელს რომ დავხედე, ლამის გული გამისკდა – ზედ ნაირ-ნაირი კერძების დასახელება და მათი ფასები ეწერა. რომ დავიანგარიშე, რამდენიმე ათასი დოლარი გამოვიდა. ვიფიქრე: ესეც შენი ულიმიტო სუფრა-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ვახშმის ანგარიში იყო, ჯიბეში კი მხოლოდ 25 დოლარი მედო. ის ღამე ფიქრებში, თეთრად გავატარე. დილით კი რესტორნის თანამშრომელი ვიხმე და პირდაპირ ვუთხარი: ფული არ მაქვს და თქვენ რომ გუშინ ვახშმის ანგარიში ამომიტანეთ, ვერ გადავიხდი-მეთქი. რესტორნის თანამშრომელმა კი მითხრა, ეს ანგარიში კი არა, იმ კერძების სიაა, რომლებიც კიდევ შეგიძლიათ, მიირთვათო.
ამ სიტყვებმა ისე გამახარა, რომ ჭამა-სმა აღარც კი მახსოვდა და მოსკოვში მშვიდობიანად დავბრუნდი.“
გენიალური ვახტანგ ჭაბუკიანი მოსკოვის „დიდ თეატრთან“ ერთად ნიუ-იორკში იმყოფებოდა გასტროლებზე. „მეტროპოლიტენ ოპერაში“ მისმა ცეკვამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამერიკელ მაყურებელს განსაკუთრებით მისი სასწაულებრივი პირუეტები მოეწონა. მთელი ამერიკული პრესა წერდა: ჭაბუკიანი საბჭოთა ბიმონიაო. ბობ ბიმონი იმ პერიოდში სიგრძეზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი გახლდათ. გაზეთების პუბლიკაციებიდან გამომდინარე, იმ დროს ჯერ კიდევ დამწყებ, ცნობილ ამერიკელ შოუმენს – ტედ ტერნერს დაებადა იდეა, რომ თავის შოუში ჭაბუკიანი და ბიმონი მიეწვია, შოუ მათზე დაედგა. მიწვევა ორივე მხარემ მიიღო და სტუდიაში, ჩაწერაზე მივიდნენ (მაშინ ტერნერი პირდაპირ ეთერში ჯერ კიდევ არ დგამდა შოუებს – იწერდა, ამონტაჟებდა და ისე უშვებდა). შუა ჩაწერის დროს ტერნერმა ბატონ ვახტანგსა და ბობ ბიმონს ერთმანეთთან შეჯიბრება შესთავაზა ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში. ორივე დათანხმდა და ჰოი, სასწაული! უკვე ასაკში მყოფმა ჭაბუკიანმა მოქმედ მსოფლიო რეკორდსმენს ორი სანტიმეტრით აჯობა… ბიმონი უხერხულობაში ჩავარდა. ვახტანგ ჭაბუკიანთან მივიდა და ნახევარად ხუმრობით უთხრა:
– თუკი ტერნერს ამ ეპიზოდს ამოაჭრევინებთ და არავისთან იტყვით, რომ სიგრძეზე ხტომაში მომიგეთ, უახლეს „კადილაკს“ გაჩუქებო.
– თანახმა ვარ, – დაეთანხმა ბატონი ვახტანგი ბიმონს და ტერნერს დაჟინებით მოსთხოვა, ის ეპიზოდის ეთერში არ გაეშვა, სადაც მან ბიმონი ხტომაში დაჯაბნა.
მართლაც მეორე დღეს, ბიმონმა ვახტანგ ჭაბუკიანს შეპირებული „კადილაკის“ უახლესი მოდელი დაუყენა სასტუმროსთან.
„კადილაკის“ მიღება საბჭოთა მთავრობამ არ დაუშალა გენიალურ მოცეკვავეს. თუმცა, მანქანა საბჭოეთში არ ჩამოატანინეს. საბჭოთა საელჩოს ბალანსზე აიყვანეს და ამ ძვირფასი მანქანით საბჭოთა ელჩი დადიოდა.
ცნობილი რეჟისორი თემურ ბაბლუანი შემდეგ სახალისო ისტორიას იხსენებს:
„მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც დავწერე მოთხრობა „რაჟდენი“. ის ჩემი ნათესავი, ვაჟკაცი კაცი იყო და მძღოლად მუშაობდა. სულ რაღაც სამიოდე ფურცელი გამოვიდა. მე მე-13 სკოლაში ვსწავლობდი და იმ გზაზე ყოველდღე დადიოდა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. გადავწყვიტე, მისთვის მეჩვენებინა ჩემი მოთხრობა. ერთ დღეს გავაჩერე და ვუთხარი:
– ბატონო კონსტანტინე, მოთხრობა დავწერე და მინდა, წაგაკითხოთ-მეთქი.
მან ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:
– შენ დაწერე ჩემი წასაკითხი მოთხრობა?
შევბედე:
– ბატონო კონსტანტინე, იმსისქე წიგნებს წერთ და რა იქნება, რომ ჩემი სამგვერდიანი მოთხრობა წაიკითხოთ?
– კარგი. იქ, კოლხურ კოშკში მომიტანე, მხოლოდ, დააბეჭდინე, – მითხრა და გზა განაგრძო.
მე დავბეჭდე მოთხრობა და ბატონ კონსტანტინეს მივუტანე კოლხურ კოშკში. გავიდა მრავალი წელი. ბატონი კონსტანტინე უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა მოთხრობა „რაჟდენი“, ბოლოში ასეთი მინაწერით: “ეს მოთხრობა დიდი მწერლის არქივში აღმოვაჩინეთ და ავტორს ვთხოვთ, გამოგვეხმაუროს…”
აი, ასე კურიოზულად შედგა ჩემი სამწერლო დებიუტი.“
ავტორი