“გურია ნიუსს” კაპროვანიდან (ნატანებიდან) მოქალაქე დღეს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და ისევ შველას ითხოვა.
როგორც აკაკი მიქაძე ამბობს, სოფელში მერვე დღეა, კატასტროფული მდგომარეობაა.
“უკვე მერვე დღეა, არც შუქია და არც გაზი… ინტერნეტზე არ ვწუწუნებთ. მადლობა უფალს, წყალი მოგვაწოდეს!
ელექტროსადენების წაქცეული ბოძები მიწაზეა დაყრილი. “მერე რა ვქნათ, უამინდობაა, ბატონო!“ _ ასე მპასუხობენ.
მცირეწლოვანი ბავშვების წუხილი და ტანჯვაც არ აინტერესებთ. რა ვქნა,ვის ჩავძახო, რომ ვინმემ მაინც გულთან მიიტანოს ჩვენი გასაჭირი?!
ადამიანს, ასეთ დროს სჭირდება დახმარება, აბა კარგ ამინდში სუფთა ჰაერიც დაგვამშვიდებს. დღეს კი ისღა დაგვრჩენია მოვითმინოთ, გავუძლოთ, დაველოდოთ გამოდარებას.
მერე გამოძვრებიან თავიანთი კაბინეტებიდან სახელმწიფო მოხელეები და დააფიქსირებენ ჯიპებით ჩვენს გვერდში ყოფნას! მით უმეტეს, გასულ წელს ეს ჯიპები უხვად შეიძინეს, როგორც ვიცი შვიდასი ათასი ლარის ღირებულების.
გამოდით, მოდით ბიძიკოებო, ყავით მეც გიმასპინძლებთ და თვალებშიც ჩაგხედავთ!” _ წერს აკაკი მიქაძე.































































