ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოთქვამს შეშფოთებას მარნეულში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების გამო, რომელსაც მათ შორის სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის ჯეიჰუნ მუჰამედალისა და ოპერატორის ლაშა გურეშიძის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. დაზარალებული პირების განმარტებით, ამ პროცესში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.
„სამწუხაროდ, ბოლო დღეებში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ძალადობის არაერთი მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა ამ რეგიონში. მათ შორის, სოფელ ნახიდურში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), სადაც რამდენიმე დღის წინ მუქარის ფაქტი ჟურნალისტ ჯეიჰუნ მაჰამედალის მიმართაც დაფიქსირდა.
დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მითუფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დაესხნენ.
EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს დაზიანებულ ჟურნალისტებს. ჩვენი ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დაესწრება“,_ ნათქვამია განცხადებაში.